ახალი ამბები

ევროპარლამენტი უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების მომხრეა

23 ივნისი, 2022 •
ევროპარლამენტი უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების მომხრეა

ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ.

რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ,, რაც მისი მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური შეუპოვრობა თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

„უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ალტერნატივა არ აქვს გაფართოებას, რაც „არის ყველაზე დიდი გეოსტრატეგიული ინვესტიცია“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში. ევროპარლამენტარები ითხოვენ გაფართოების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“ და დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით პროცესის განბლოკვას.

22 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები ევროპული საბჭოს დეგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება. ევროპარლამენტში გამომსვლელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის — როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პირობებს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ეს მესამე რეზოლუციაა უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შემდეგ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 5 მაისს მსგავსი ცალკე რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი