ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

უშველის კი წარსულის გააზრება კონფლიქტების მოგვარებას? – დავით ჯიშკარიანი

23 ივნისი, 2022 • 3425
უშველის კი წარსულის გააზრება კონფლიქტების მოგვარებას? – დავით ჯიშკარიანი

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში აქტიური საუბარი დაიწყეს 1990-იან წლებში მომხდარ კონფლიქტებზე.  დისკუსიები ძირითადად იმართება ვიწრო ჯგუფებში და მასში უმეტესად მონაწილეობენ იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც საომარი მოქმედებებში მონაწილეობის პირადი გამოცდილება არ გააჩნიათ.  ეს პროცესი დინამიკური, საინტერესო და საჭიროცაა. 

სამუშაოს უმთავრესი წარმმართველი ძალა ჩვენს რეალობაში არც აკადემიური სფეროა, არც სახელმწიფო ინსტიტუციები და არც მედიაორგანიზაციები. ეს ფუნქცია საკუთარ თავზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს და ევროპული ფონდების დახმარებით ახერხებენ იმას, რომ პროცესი აქტიურად და განგრძობითად მიმდინარეობს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მედიის ნაწილმა მათ მხარი აუბა და საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ კონფლიქტის შედეგად დაზარებული ადამიანების მოგონებებს, გამოცდილებას და მეხსიერების თავისებურებას.  საქართველოს მედიის აქტივში ისიც უნდა ჩაიწეროს, რომ არა მხოლოდ ქართულ პერსპექტივას, არამედ ოსურსა და აფხაზურსაც აქტიურად აშუქებენ. დაინტერესებულ მკითხველს კი ეძლევა საშუალება, წარმოდგენა შეიქმნას, თუ რა ტიპის მეხსიერებაა ჩამოყალიბებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (აფხაზებსა და ოსებში).

კონფლიქტების შესახებ მეხსიერებაში მიმალული და უთქმელი ამბები ახალი თაობის მწერლებმა და წერის სურვილით შეპყრობილმა ადამიანებმაც წამოწიეს წინ. აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებიდან 30 წლისთავზე მათ განსხვავებული რაკურსი და პერსპექტივა შემოიტანეს.

„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ჩემი ტკივილია“, „დავიბრუნოთ აფხაზების და ოსების გულები“, „ჩვენ დავბრუნდებით“, „მოვუხადოთ ბოდიში“, „შევთავაზოთ აფხაზებს და ოსებს ევროპული პერსპექტივა“ (ეს განსაკუთრებული ფენომენია, შესთავაზო ის, რაც თავად არ გაგაჩნია) და მსგავსი შაბლონური, ტრაფარეტული, არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად ამ ხალხმა აჩვენა ის, რაც საზოგადოებას უნდა აწუხებდეს და რაზეც უნდა საუბრობდეს.

აჩვენა ისიც, რომ წლების განმავლობაში, დადუმებული, გაჩუმებული, ხმადახშული, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებული, გაუბედურებული საზოგადოების, დევნილების ჩამიჩუმი არ ისმის ქვეყანაში. არ ისმის იმ ადამიანების წარსული, ვისთვისაც აფხაზეთი არა კურორტი და დროსტარება, არამედ ყოველდღიური საცხოვრებელი სივრცეა.  ხანდახან მათ ამბებს თუ მოვუსმენთ, ყველაფერი ბანალურობამდე მარტივი ხდება, სახლიც, ეზოც, ქუჩაც, სკოლაც და პინგვინის ნაყინიც. თუმცა ეს ყველაფერი ამ ხალხის ყოველდღიური ცხოვრების რუტინაა და ხშირად ყველაზე საჭირო და აუცილებელია, რომ თავი შინ, მყუდროდ იგრძნო.

ლიტერატურაში კი ცალსახად უნდა გამოიყოს მიშა ბახსოლიანის, ბესო პაპასქუას, ზურა ჯიშკარიანის, მარიამ ჯაფარიძის  და სხვათა ნაწარმოებები, რომლებმაც არსებული მეხსიერების პოლიტიკის აბსურდი აჩვენეს და  უცებ თავდაყირა დააყენეს. შეიძლება ვინმეს ეს ნაწარმოებები მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მათი კრიტიკაც აუცილებელია. აბა, საჯაროდ წერა კრიტიკის გარეშე ვის გაუგია, მაგრამ მათ მოახერხეს ის, რომ სხვა რაკურსი შემოიტანეს 30 წლის წინანდელ ამბებში.  თუ ამ ავტორების ასაკსაც ჩავხედავთ, ისინი იმ  თაობისანი არიან, რომლებსაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ომის მეხსიერებაში ცხოვრობენ  (ავტორი საკუთარ თავსაც ამ თაობასთან აიგივებს და ამიტომ მისთვის ეს ნაწარმოებები უფრო მეტად მისაღებია).

ამ თაობამ მოულოდნელად გააცოცხლა ომის ის დეტალები, რომლებიც საჯარო სივრციდან ამოღებული იყო და უპირველეს ყოვლისა მოახერხა იმის გაცნობა საზოგადოებისათვის, რომ ყველასთვის ერთნაირი არაა ეს კონფლიქტი და არსებობენ დევნილები, რომლებმაც ყველაზე დაუნდობლად, მძიმედ, დამამცირებლად იწვნიეს საკუთარ თავზე მომხდარი ომები და კონფლიქტები.

აქ ხაზი უნდა გაესვას,  რომ ამ თაობას აღარ აკმაყოფილებს არსებული მეხსიერების ადგილები, ამბები და ოფიციალური პოლიტიკა. ისინი ცდილობენ მის მიღმა დარჩენილ ფაქტებს მოუყარონ თავი და საჯარო პირებისათვის, პოლიტიკოსებისათვის და აქტორებისათვის მძიმე და არაკომფორტული თემები წამოწიონ წინ. ისეთები, როგორიცაა სამოქალაქო ომი, სამეგრელოში სპეცოპერაციები, სვანეთის გზის საშინელებები, მსხვერპლი,  გაუპატიურება, მიტოვებული ხალხი, დევნილობა, სტიგმა, საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის მიერ მიუღებლობა, ეს ყველაფერი კი  30 წლის შემდეგ წამოწიონ წინ.

რთული საკითხებია, დამრთგუნველიც, მაგრამ წარსულზე საუბარი ამ საკითხებზე აქტიურ ლაპარაკსაც მოიცავს.  ისტორია არაა ის, რაც გვახსოვს, ისტორია არის ის, რასაც აქტორები გვაიძულებენ, რომ დავივიწყოთ. ზემოთ ჩამოთვლილი ამბები რომ საზოგადოებამ დაივიწყოს, ამაზე ბევრი აქტორი მუშაობს. 

წარსულის გააზრების ის პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიდის, არ არის სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული პოლიტიკის ნაწილი. სახელმწიფო ამ პროცესს ხელს არ უშლის, თუმცა არც აქტიურადაა ჩართული მასში. სამშვიდობო პოლიტიკა კი დეკლარირებული აქვს პოლიტიკურ ელიტას.  ეს პროცესები უმეტესად ევროპული ფონდებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერაა დაფინანსებული. აქ მარტივი ლოგიკა მოქმედებს – არის ფული, არის მუშაობა, როგორც კი არ იქნება ფინანსები, ეს პროცესი, უკეთეს შემთხვევაში, შეფერხებით იმუშავებს, რეალურად კი,  დარჩება მცირე ენთუზიასტების ამარა ან სრულიად გაჩერდება. არადა, ამ საქმეს, ცოდნასთან, კომპეტენციასთან, კეთილსინდისიერებასთან ერთად, ფინანსებიც სჭირდება.   

წარსულის გააზრების ბევრი პროექტი  იმას ცდილობს, რომ წარსულის გააზრება მშვიდობის მშენებელი გახადოს. ის კონკრეტულ მიზანს დაუმორჩილოს. საქართველოს მოქალაქეებმა გაიზიარონ აფხაზებისა და ოსების ტკივილი,  რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა წარსულის გააზრება მშვიდობისათვის მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი თუ მეორე მხარეც ისევე ადეკვატურად გაიაზრებს წარსულს, როგორც შენ. გაზიარება ორმხრივი საქმეა და არა ცალმხრივი. თუ ის მხოლოდ ერთი მხარის დომინაციით წარიმართა, ყველაფერი გადაიზრდება ან თავსლაფისდასხმაში, ან აგრესიაში.  ამიტომ ამ პროცესის მიზანი მხოლოდ მშვიდობის მშენებლობა არ უნდა იყოს – მან საკუთარი სახელმწიფოს, საზოგადოების წარსულის გაგებაშიც უნდა შეუწყოს ხელი მოქალაქეებს, უფრო მასშტაბური უნდა იყოს და არა მხოლოდ სალონური.

წარსულის გააზრება კარგი ინსტრუმენტია აწმყოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადო პროცესების გასაცნობიერებლად,  რეალობის ადეკვატური აღქმის ჩამოსაყალიბებლად , მაგრამ ის არ გამოდგება მომავლისათვის, რადგან ამ მომავალს პოლიტიკური პროექტი განაპირობებს და არა მხოლოდ  წარსულზე საუბარი.  თუმცა, როდესაც პოლიტიკურ ელიტებს, ინტელექტუალურ ელიტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებს,  მომავლის გეგმები არ გააჩნიათ, მაშინ წარსულს იშველიებენ მომავლის შესაქმნელად, რაც დასაწყისშივე შეცდომა და მარცხისთვის განწირული მოცემულობაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი