ახალი ამბები

შოლცი: ევროკავშირმა ხმის მიცემის წესი უნდა შეცვალოს

23 ივნისი, 2022 •
შოლცი: ევროკავშირმა ხმის მიცემის წესი უნდა შეცვალოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა აუცილებლად უნდა შეცვალოს საკუთარი ხმის მიცემის წესები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, მანამ, სანამ გაერთიანებაში ახალ წევრებს, მაგალითად, უკრაინას მიიღებენ.

ბუნდესტაგში გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„მე ყველაფერს გავაკეთებ ევროპულ საბჭოში, რათა მთელმა ევროკავშირმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატობას“, – განაცხადა შოლცმა.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს ხმის მიცემის წესები და გადაწყვეტილებების მიღების დროს მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს კვალიფიციურ უმრავლესობას, ნაცვლად დღეს არსებული აბსოლუტური უმრავლესობისა, რა დროსაც ერთ ქვეყანასაც შეუძლია ევროკავშირში ახალი წევრის მიღების გადაწყვეტილების დაბლოკვა.

შოლცმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უნდა განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მანამ, სანამ პუტინი საკუთარ შეცდომას არ გააცნობიერებს.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი