ახალი ამბები

ლომჯარია EU-ს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს

22 ივნისი, 2022
ლომჯარია EU-ს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ და მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება.

ლომჯარია ამბობს, რომ ევროკომისიის განსხვავებული რეკომენდაცია საფრთხეს ქმნის, საქართველო გამოეყოს ასოცირებულ ტრიოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

„ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას. შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში“, — ნათქვამია წერილში.

ნინო ლომჯარიას თქმით, ევროკომისიის მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

„სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას“, — ნათქვამია წერილში.

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით 23-24 ივლისს იმსჯელებს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი