ახალი ამბები

[ევროკომისია ] ხომ არ ჩაგიწერდათ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო – ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

22 ივნისი, 2022 • 1050
[ევროკომისია ] ხომ არ ჩაგიწერდათ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო – ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

„კორუფციის მიმართულებით პრობლემა არისო და ელიტური კორუფციაა ქვეყანაში და ამას უნდა ებრძოლოთო, ბატონო ირაკლი. ამას ხომ არ ჩაგიწერდნენ [ევროკომისიის დასკვნაში], ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვლმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში უსმენენ.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც ქვეყანას რუსეთში მიექაჩება.

„ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაშიო და ცოლი დაასაქმაო ამ მშიერ ქვეყანაშიო, ხომ არ დაგიწერდნენ. ხალხი გააღატაკეთ და თქვენ რუსეთში მიექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ, კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას. საწყალ ხალხს საჯარო სკოლაში ვერ დაჰყავს ბავშვი – ზოგს ტანსაცმელი არ აქვს, ზოგს- საჭმლის ფული და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაგადანაშაულათ კორუფციაში, კორუმპირებული იყო, ხელი წაუცდა და მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო და როგორ დამთავრდა ეს ამბავი? თქვენ რატომ არ დაგსაჯეს? თქვენს ნათესავებს უკან მოატანინეთ ფული? რატომ არ დაიჭირეთ? პირდაპირ სახელობითად არ ჩაგიწერდნენ, რომ ტენდერები არ უნდა მოიგოს ყოველმა მეორე პარლამენტარმა.

დეოლიგარქიზაცია, ანუ ღარიბაშვილი ბიძინას ბანკირი რომ იყო და დღეს მთავრობას მართავს, ეგრე არ გამოვაო. მისი პირადი დაცვის უფროსი რომ დღეს შს მინისტრია, მისი კიდევ ერთი ბანკირი სუს-ს ხელმძღვანელობს… ეს პრობლემა არის და ამით ვერ მიგიღებთ ევროპაშიო. 5-6 ივლისსზე პირადად გაქვთ პასუხისმგებლობა, ოპერატორის მკვლელობის მონაწილე ხართ და საერთოდ, როგორ დგახართ ხოლმე მერე იმ კამერებთან და ოპერატორებს თვალს როგორ უსწორებთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში კარგი შედეგები აქვს.


დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გასული წლის დეკემბერში გადაეცა.

სახელმწიფო ქონების გადაცემა განხორციელდა ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრმა 28 დეკემბერს დაარეგისტრირა.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება. მის მომიჯნავედ კი ნუნუ თამაზაშვილი ცალკე 1 530 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსაც ფლობს საკუთრებაში. ეს ნაკვეთი კი სასოფლო- სამეურნეო [საკარმიდამო] დანიშნულებისაა.

ეს საკარმიდამო ნაკვეთი თამაზაშვილს, დოკუმენტების მიხედვით, ორ ნაწილად, 2017 და 2019 წლებში აქვს ნაყიდი კერძო პირებისგან, შემდეგ კი, გაერთიანებული ერთ ნაკვეთად .

მასალების გადაბეჭდვის წესი