ახალი ამბები

ლორთქიფანიძეზე კორპუსი აღარ აშენდება, მოეწყობა სკვერი – კალაძე

22 ივნისი, 2022 •
ლორთქიფანიძეზე კორპუსი აღარ აშენდება, მოეწყობა სკვერი – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩის 28 ნომრის მიმდებარედ, მრავალბინიანი სახლის ნაცვლად მოეწყობა რეკრეაციული ზონა. კალაძემ ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა. დღეს ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში არიან დაბრუნებული. ამ სივრცეში, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას დავპირდით, რომ რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით და პირობას შევასრულებთ.

დავიწყეთ მოლაპარაკებები მიწის ნაკვეთის მფლობელებთან. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა. მონაცვლეობის თემაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, ლამაზი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისას, გასულ წელს, სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ძირში ფერდი ჩამოიშალა. ადგილობრივები მაშინ “ნეტგაზეთთან” აცხადებდნენ, რომ მერიას არაერთგზის მიმართეს და ადგილზე არსებული რთული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მერია კი ამბობდა, რომ მშენებლობის ნებართვა არსებობდა და “ყველაფერი წესრიგში” იყო.

ფერდის ჩამოშლის შემდეგ კი მერიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაგებობა აღარ აშენდებოდა და სამუშაოების მწარმოებელი დაჯარიმდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი