ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება აქციას „შინ ევროპისკენ“ და ამბობს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, რადგან „მისი ხალხი ამბობს ამას“.

ფონ კრამონმა დღეს თვითერის ანგარიშზე ვიდეო გამოაქვეყნა, წარწერით – „საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას. ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებითა და ევროპული მომავლით. არცერთ პოლიტიკურ თუ გარე ძალას ამის შეცვლა არ შეუძლია,“.

მისივე თქმით, კარი ევროკავშირში ფართოდ ღიაა და ხალხს აქვს ძალა, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს.

„საქართველოს ძვირფასო ხალხო, ძალიან მიხარია, რომ თქვენი ორგანიზებით გაიმართა ეს დიდი შეკრება. თქვენ ჩაატარეთ ეს აქცია ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ევროკავშირში. თქვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ხართ, თქვენ დიდი ხანია მხარს უჭერთ ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ამ წამოწყებას და ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ევროპას!“, – ამბობს ევროპარლამენტარი ვიდეოში.


გუშინ, 20 ივნისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა.

ნეტგაზეთის მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 160 000.

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე “შინ, ევროპისკენ”