ახალი ამბები

მოლდოვის წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში

21 ივნისი, 2022 • 735
მოლდოვის წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში

მოლდოვის იუსტიციის მინისტრი, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი და გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ბრიუსელში იმყოფებიან ევროკომისიის რეკომენდაციებში მოცემული პირობების შესრულების მზაობის დასაფიქსირებლად.

ამის შესახებ Twitter-ზე მოლდოვის ელჩი ევროკავშირში დანიელა მორარი წერს.

„იუსტიციის მინისტრის, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის და გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დროული ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ მოლდოვის ერთგულება მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისადმი, როგორც ეს მითითებულია EC-ის მოსაზრებაში“, — ამბობს მორარი.

Very timely joint visit to Bxl of the Minister of Justice, Director of the National Anticorruption Agency & Acting Prosecutor General, in order to reconfirm commitment to the justice sector reform, combating corruption & promoting the rule of law, as referred in the EC Opinion pic.twitter.com/OXS2PAgqcM

— Daniela Morari (@MDAmbEU) June 20, 2022

მოლდოვის შემთხვევაში კომისია რეკომენდაციას აძლევს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

  • დამოუკიდებლობის, მთლიანობის, ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მართლმსაჯულების რეფორმის დასრულება, უმაღლეს მაგისტრატ საბჭოსა და მის ყველა ორგანოში ყველა ადგილის შევსება;
  • ყველა სფეროში, ეუთო/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის რეკომენდაციების საგრძნობი გათვალისწინება;
  • „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაკუთრებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით;
  • ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა;
    საჯარო მმართველობის რეფორმა;
  • სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის დასრულება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესება ხელისუფლების ყველა დონეზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე;
  • ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებების შესრულება.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. სამი ქვეყნის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ, ევროკომისიამ მოამზადა მოსაზრება მათ აპლიკაციაზე. უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კომისიამ მხარი დაუჭირა, საქართველოსთვის კი – არა.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო.

მოსალოდნელია, რომ ევროპული საბჭო გაითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, თუმცა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დააფიქსირონ ევროკომისიის პირობების შესრულების მზაობა და იმუშაოს, რათა 24 ივნისის გადაწყვეტილება მეტად სასიკეთო იყოს საქართველოსთვის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკომისიის დასკვნაში გაწერილ პირობების ნაწილი ისედაც იყო გაწერილი ასოცირების დღის წესრიგში და მათ შეასრულებენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „როგორც კი საბჭო დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ ბრიუსელთან მაშინვე დავიწყებთ მუშაობას“.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ევროკომისიისგან განსხვავებული იყოს და ევროპული საბჭოს სხდომამდე ბევრი ვერაფერი გაკეთდება.

„სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გაკეთდება ამ დღეების განმავლობაში, თუმცა ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ იქნება დაშურებული, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს. ამისთვის კომუნიკაციაც შედგება და გაგრძელდება კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან. თუმცა დროც ცოტაა დარჩენილი და გარდა ამისა, ძალიან დაბალი და მიზერულია იმის ალბათობა, რომ კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილება ასცდეს ერთმანეთს”, – განაცხადა კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, თუ რას აპირებს მთავრობა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის დასკვნას მე-4 დღეს გამოეხმაურა. 18 ივნისს ის ერთდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვია, 20 ივნისს კი კატარში ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი