ახალი ამბები

“მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისკენ” – კობახიძის მიმართვა ოპოზიციას და სამადაშვილის პასუხი

21 ივნისი, 2022 • 521
“მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისკენ” – კობახიძის მიმართვა ოპოზიციას და სამადაშვილის პასუხი

“ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას  დეოლიგარქიზაციის შესახებ. სამადაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც “ოლიგარქიის საფარქვეშ” ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება მიმართული, გამოიწვევს მრავალრიცხოვან აქციებს და აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან “სიტყვებიდან მოქმედებაზე” გადასვლას.

ამის შესახებ სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“საინტერესოა, რომ აქციას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი ღირსეულ, მშვიდობიან მანიფესტაციას უწოდებს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად, უმრავლესობის და ივანიშვილის მსახური დეპუტატები ჩვენს პარლამენტში მიიჩნევენ ოპოზიციის მიერ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით დაგეგმილ აქციას. დიახ, ესე იგი, სწორად გესმით გზავნილი, რომელიც ევროკავშირმა გაუგზავნა ქართველ ხალხს. არჩევანი დღეს ქართველ ხალხზეა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ- ან ვირჩევთ ევროპას, ან ვირჩევთ ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში.

მე არავის ვურჩევ, რომ აქ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, რაც უკვე დაიწყო, როდესაც ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, ვინ არის ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქი და სანქციების შემოღება მოითხოვა ივანიშვილის წინააღმდეგ. “ქართული ოცნებიდან” უყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს ივანიშვილისთვის როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას. ამიტომ ორჯერ დავბრუნდებოდი თქვენს ადგილას, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში”, – თქვა სამადაშვილმა.

მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოლიგარქები “ლელოში” და “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, და მათ მიმართ დეოლიგარქიზაციისთვის მომზადებულიყვნენ.

“[დეოლიგარქიზაციაზე] ამ თემაზე საუბრობენ ნაციონალები და ლელო, ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უკრაინაში მიღებულია კანონი და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერი საქართველოში აღიარებული იქნებოდნენ ოლიგარქებად. ეს არის ლელოში ხაზარიძე-ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში სააკაშვილი და კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.


17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

“განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით”, – წერია რეკომენდაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი