ახალი ამბები

სამწუხაროა რიტორიკა გეოგრაფიაზე, ამან შეიძლება შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი – კობახიძე მაკრონზე

16 ივნისი, 2022 • 995
სამწუხაროა რიტორიკა გეოგრაფიაზე, ამან შეიძლება შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი – კობახიძე მაკრონზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რაც შეიძლება “გაზომვად კრიტერიუმებს დაეფუძნოს”, ან დაეფუძნოს ისეთ კრიტერიუმებს, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისაუბრა გუშინ, 15 ივნისს.

კერძოდ, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთისგან გამოყოფა არ შეიძლება, თუმცა, როგორც Politico იუწყება, ფრანგმა ლიდერმა თქვა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“ იმყოფება.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გეოგრაფიული საკითხის წინ წამოწევამ შეიძლება თავი იჩინოს ახლაც და მომავალშიც, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებასთან ძალიან ახლოს იქნება:

“ყველა პარამეტრს რომ გავყვეთ, გვაქვს უპირატესობა როგორც უკრაინასთან, ასევე მოლდოვასთან. ეს გვიქმნის ჩვენ ოპტიმისტურ მოლოდინს. თუმცა მეორე მხარე არის, რომ ეს არ იქნება ექსპერტული გადაწყვეტილება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დაეფუძნება გაზომვად კრიტერიუმებს თუ არა, თუ კრიტერიუმი იქნება მაგალითად ის, რაც მაკრონმა თქვა…

ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, წამოვიდა რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა. ჩვენ ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმედ მოსასმენი ალბათ საზოგადოებისთვის, რადგან გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი, ფიზიკური მოცემულობაა. ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება იგივე ვიღაცამ თქვას წევრობაზე, როცა საქმე საქმეზე მიდგება.

ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური, მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თავად ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება აქვთ ობიექტური კრიტერიუმები ამისთვის…”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი