ახალი ამბებისამართალი

შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

16 ივნისი, 2022 • 4451
შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი შალვა ხაჭაპურიძე, შესაძლოა, მისი ადვოკატი გახდეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ადვოკატმა დაგვიდასტურა.

ხაჭაპურიძის თქმით, ის ადვოკატად თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა მიიწვიეს და ამ ეტაპზე ფიქრობს, დათანხმდეს თუ არა წინადადებას. „ნეტგაზეთთან“ შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებით მუშაობაზე და სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ჩაერთოს საქმეში.

ადვოკატი აცხადებს, რომ წინადადებას განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო:

„გადაწყვეტილება მივიღე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე მაქვს მოლაპარაკება. საქმე ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს არათუ მძიმედ, ეს არის მომაკვდავი ადამიანი.

მე კონსულტაციები გავიარე ექიმებთან, ექსპერტებთან, გარდა ამისა, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, რომლებსაც ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ. მათი პროგნოზი ყველასი ერთმანეთს ემთხვევა, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს. მტრობა მტრობაა, მაგრამ მე ვაჟა ფშაველას პრინციპებზე ვარ აღზრდილი: „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

მისი თქმით, აცნობიერებს, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისთვის ბევრ ახლობელ ადამიანს გაანაწყენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბარია სასჯელის გადავადებაზე და არა მისგან გათავისუფლებაზე:

„მე მესმის, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას ამ პროცესში ჩართვაზე, ძალიან ბევრი ჩემი ახლობლისთვის ეს გულისტკივილს გამოიწვევს. მაგრამ როდესაც დგება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ჩვენ არ ვამბობთ და არ გულისხმობს ადვოკატობა იმის თქმას, რომ გაათავისუფლეთ ეს ადამიანი და აპატიეთ ყველაფერი. საუბარია ერთი წლით სასჯელის გადავადებაზე. შემდეგ უკვე უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, თუ ვერ წარმოადგენს ამ ექსპერტიზის დასკვნას და იგი გამოჯანმრთელდება, მაშინ გააგრძელებს სასჯელის მოხდას, ამაზეა საუბარი.

რაც შეეხება დანარჩენი ბრალდების საქმეებს, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩემსა და ბრალდებულს, მისი ოჯახის წევრებს შორის. გადაწყვეტილება არცერთ საკითხზე, მათ შორის გადავადებაზე, მე ჯერ მიღებული არ მაქვს. მე ყველაფერი უნდა შევისწავლო, მოვისმინო იმიტომ, რომ თუ არ იქნა სათანადო საფუძველი, მე პირადად თავს შევიკავებდი ამ ყველაფერში მონაწილეობისგან. არის კიდევ გარკვეული საკითხები და ნიუანსები, რომელიც საჭიროებს თავმოყრას, გაანალიზებას“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე „ნეტგაზეთთან“.

ის, რომ შალვა ხაჭაპურიძის საკითხი ნამდვილად განიხილება, სააკაშვილის მოქმედმა ადვოკატებმაც დაგვიდასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი