ახალი ამბები

ეკოტურიზმის ასოციაცია წალკის კანიონზე ბრილიანტის ხიდის პროექტს აკრიტიკებს

16 ივნისი, 2022 •
ეკოტურიზმის ასოციაცია წალკის კანიონზე ბრილიანტის ხიდის პროექტს აკრიტიკებს

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წალკის კანიონზე ახლად გახსნილ “ბრილიანტის ხიდს” აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნისას სრულად იგნორირებულია ეკოტურიზმის მთავარი მიზანი- ბუნებისა და კულტურის შენარჩუნება . ამის შესახებ ასოციაციამ განცხადება გუშინ, 15 ივნისს გამოაქვეყნა.

ასოციაცია პრობლემურად მიიჩნევს გახსნის ღონისძიების მასშტაბური ფოიერვერკით დასრულებასაც. ორგანიზაციის განმარტებით, მსგავსი ღონისძიება ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030-ის მიხედვით – „ეკოტურიზმი არის მოგზაურობა, ტურისტული აქტივობები და სერვისები, რომელიც ორიენტირებულია დაცულ ტერიტორიებზე და მის გარეთ ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებასა და გამოცდილებების მისაღებად სათანადო პირობების შექმნაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ“. აღნიშნული განმარტებიდანაც ჩანს, რომ ეკოტურიზმის მთავარი მიზანი ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებაა, რაც წალკის კანიონის შემთხვევაში სრულად იგნორირებულია.

მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ, ერთი მხრივ, შენარჩუნების ნაცვლად სრულად შეცვალა არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გარეგნული მხარე, ხოლო მეორე მხრივ, მასში საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ცოცხალი კულტურის კომპონენტი. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან ამ კონკრეტული ინვესტიციის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან.

ეკოტურიზმიდან საკმაოდ შორს იყო ობიექტის გახსნის ღონისძიებაც, რომელიც მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდა, რაც ასევე წინააღმდეგობაშია როგორც ეკოტურიზმთან, ისე დაცულ ტერიტორიებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის პროექტები სამომავლოდ დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობითა და ეკოტურიზმის პრინციპების სრული დაცვით განხორციელდება.


წალკის კანიონზე „ბრილიანტის ხიდი“ 14 ივნისს გაიხსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კანიონის მონახულება, ბილიკებითა და ხიდით სარგებლობა 29 ლარი ღირს.

ხიდი კომპანია „კასს ლენდის“ პროექტია. როგორც ხიდის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და შეიქმნა 250 სამუშაო ადგილი.

„ბრილიანტის ხიდი“ 240 მეტრის მინის ხიდია, რომლის შუაგულშიც ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი უნდა მოეწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი