უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები სანქციებს საქართველოს ბანკებისა და საფინანსო სისტემების საშუალებით არიდებენ თავს.
Deutsche Welle წერს, რომ არახამიამ ეს განცხადება ვაშინგტონში, „გერმანიის მარშალის ფონდის“ შეხვედრაზე გააკეთა. მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს, ამ საკანონმდებლო ხვრელის აღმოსაფხვრელად იმოქმედონ.
არახამია დასძენს, რომ სანქცირებული რუსი მოქალაქეები და კომპანიები დასავლურ სანქციებს „საქართველოს ბანკების, საქართველოს ფინანსური სისტემების, კომპანიებისა და ა.შ. მეშვეობით“ არიდებენ თავს.
„პირობითად, თუ შენ ხარ რუსი სანქცირებული მოქალაქე, შეგიძლია ინტერნეტში შეხვიდე, გახსნა ქართული კომპანია, დისტანციურად შექმნა ბანკის ანგარიში და დაიწყო მუშაობა.“
საქართველოს ხელისუფლებას არაერთგზის აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არ გახდება სანქცირებული რუსებისთვის სანქციების თავიდან არიდების შესაძლებლობა. ნეტგაზეთი არახამიას განცხადებაზე პასუხს ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკიდან.
განახლება:
საქართვველოს ეროვნული ბანკი არახამიას სიტყვებს განცხადებით გამოეხმაურა. უწყებამ დაწერა, რომ ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასევე დასძინა, რომ ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.
„საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და, ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს“, – წერია განცხადებაში.
უწყება ასევე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ.
„სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ“.
გარეკანი ფოტო: პირადი ფეისბუკი/Alexandr Senko
