მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც ოფიციალური ცნობით, ორმხრივი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ოფიციალური ცნობით, განხილულ საკითხებს შორის იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, “დონბასის დასაცავად რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, ორმხივი ინტენსიური დიალოგის განვითარება, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ინვესტიციები, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები, ფინანსური დახმარების გაგრძელება.
ამასთან, როგორც გამოცემა რეს-ი წერს, ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან გამშვები პუნქტების, “რაზდახანის”, “წინაგარასა” და “პერევის” ერთობლივი დროებითი გახსნა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად მხარესთან გზა მხოლოდ 13-დან 18 ივნისამდე გაიხსნა.
გამშვები პუნქტები ქართულ მხარესთან ცხინვალმა 2019 წელს, ე.წ. წნელისის კრიზისის შემდეგ ჩაკეტა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობას მხოლოდ რამდენჯერმე გაუხსნა ე.წ. ჰუმანიტარული კოროდორი.
“ჩვენი ურთიერთობები ემყარება სამოკავშირეო, სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, როდესაც საერთაშორისო მდგომარეობის შეცვლას ცდილობენ ერთი ჯგუფის ქვეყნების სასარგებლოდ – პირველ რიგში, აშშ-ის. დასავლეთი ცდილობს საკუთარი ერთპოლარული ჰეგემონიის დამყარებას, რასაც, ჩემი რწმენით, ვერ შეძლებს. ვფიქრობ, კოორდინირებული მოქმედებები ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიმართულებით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ერთ-ერთი მიმართულებაა იქნება”, – განაცხადა ლავროვმა.