ახალი ამბები

„შავი ფული“ ტრიალებს, კონვერტებით იღებენ ხელფასებს — კობახიძე ოპოზიციურ ტელევიზიებზე

15 ივნისი, 2022 • 1295
„შავი ფული“ ტრიალებს, კონვერტებით იღებენ ხელფასებს — კობახიძე ოპოზიციურ ტელევიზიებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებში „შავი ფული“ ტრიალებს. ამის შესახებ მან დღეს, 15 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტელევიზიებში ხარჯები შემოსავლებს რამდენიმეჯერ აღემატება. თუმცა კობახიძე ირწმუნება, რომ „შავ ფულზე“ მისი განცხადებები საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ მოწოდება არაა, რომ საკითხით დაინტერესდნენ.

„მოწოდება ჩემი მხრიდან არ ყოფილა, რადგან მედიას ეხება საქმე, არ მგონია, რომ სწორი იქნება ასეთი მოწოდება გაჟღერდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. რაც შეეხება „შავ ფულს“, ჩვენ ვიცით, რომ სამივე ტელევიზიის [მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი] სარეკლამო შემოსავლები 25 მილიონია და ხარჯები დაახლოებით 3-4-ჯერ მეტია. ზუსტადაც შემიძლია გითხრათ, რამდენჯერ მეტია შემოსავლებთან შედარებით ხარჯები. აქედან გამომდინარე, ამათ უნდა ჰქონდეთ თავის წყარო და წყაროც ვიცით, ვინ არის.  ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ მისი წარმომაგდგენლებით — კეზერაშვილი, ნაყოფია, სააკაშვილი, ძირითადად ისინი აფინანსებენ ტელევიზიებს. ეს რაც შეეხება შემოსავლებს.

ხარჯების ნაწილში თქვენი უამრავი კოლეგაც [ჟურნალისტები] საუბრობს იმაზე, რომ კონვერტებით იღებენ ხელფასებს, ანუ საერთოდ არ ფიქსირდება არც შემოსავალი, არც ხარჯი, „შავი ფული“ ტრიალებს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ფული, რომელიც ნაძარცვია 2004-2012 წლებში, რომ „ნაცმოძრაობა“ ძარცვავდა მოსახლეობას“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ბრალდებებს ეხმაურებიან აღნიშნული ტელევიზიების ხელმძღვანელები. როგორც „ტვ პირველის“ მფლობელი, ვატო წერეთელი აცხადებს, „შავი ფული“ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს.

„ირაკლი კობახიძე, ალბათ, საუბრობდა „ქართული ოცნების“ ოფისზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კრებსი  გვაქვს წაკითხული და ძალიან ბევრი „შავი ფული“  „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს. კონვერტები, „შავი ფული“… არაერთხელ გვაქვს ჩვენ ნანახი, თუნდაც არჩევნების დროს. ამიტომ ირაკლი კობახიძეს მოვუწოდებ, რომ ნაკლები „შავი ფული“ გაატაროს „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ვატო წერეთელმა „მთავარ არხთან“.

როგორც „მთავარი არხის“ დირექტორი თამთა მურადაშვილი აცხადებს, კობახიძის განცხადება კიდევ ერთი თავდასხმაა დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიაზე.

„ეს არის პრობლემა და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა ამგვარი სახის რეზოლუცია. მედიაზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით ისევ გრძელდება, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, რაც უნდათ, ის გამოიძიო. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები გვავქს, მაინც ვარსებობთ და ეს აწუხებთ მათ.  ზოგადად, რუსული მეთოდია, სხვას დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი