ახალი ამბები

EPP კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანებაა – კობახიძე

15 ივნისი, 2022 • 1790
EPP კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანებაა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანებაა. ამის შესახებ მან დღეს, 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ისეთი „კრიმინალური პარტიები“, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“,  EPP-ის პარტნიორებად რჩებიან, მანამდე სერიოზული პრობლემები იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, ძირითადად სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა მას, ეს არის „ევროპის სახალხო პარტია“(EPP), რომელიც არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან წარმოდგენილი.

ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში, საუბარი მაქვს „ნაცმოძრაობაზე“ და „ევროპული საქართველოზე“. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, საქართველოში მისი პარტნიორი პარტიები კი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან ევროკავშირის ორი მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელები – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.


9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველია კონკრეტული დემოკრატიული უკუსვლა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) ინიცირებული ერთობლივ რეზოლუცია ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო — ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკომისია და ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების განაცხადზე დასკვნას გამოაქვეყნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი