ახალი ამბები

ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ იყო მიმართული – კობახიძე

15 ივნისი, 2022 • 614
ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ იყო მიმართული – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მიმართული იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და, მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ასევე შეეხო ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც პრეზიდენტი საუბრობდა საქართველოს მთავრობის ანტიევროპულ რიტორიკაზე. კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის ამ განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებასაც. კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნული რეზოლუცია “უმწვავესად გააკრიტიკა”. მისი თქმით, “ქართული ოცნებისთვის” გაუგებარია, რატომ უწოდებს ზურაბიშვილი მმართველი პარტიის კრიტიკას რეზოლუციაზე “ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს”.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებასაც:

“სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და, წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდვია.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არცერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა. არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია”, – განაცხადა მან.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ზურაბიშვილი შარლ მიშელის შეთანხმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკრიტიკა. მისი თქმით, სწორედ მმართველი პარტიის ნაბიჯების წყალობით დასრულდა “ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი” და ახლა “სრულად და სათანადოდ არის დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოში დღესაც მოქმედებს გენერალური პროკურორისა და ცესკოს წევრების არჩევის წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციურად გამართულად ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურები, კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა”.

“ეს არის ის, რაც არ მოსწონთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, მაგრამ რაც მოგვწონს ჩვენ და, რაც მთავარია, მოსწონს საქართველოს მოსახლეობას. რატომ არ მოსწონს ეს სალომე ზურაბიშვილს, ამის ახსნა საზოგადოებისთვის მიგვინდვია”, – თქვა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის თემა რეალურია და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში “ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა”.

“სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არა აქვს, საბედნიეროდ”, – განაცხადა კობახიძემ.

საბოლოოდ კი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი 16 ივნისს დაანონსებული აქციის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ “ქართული ოცნება” აქციას არ შეუერთდება.

“ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა – რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს”, – თქვა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი