ახალი ამბები

ევროკომისია მოსაზრებას 17 ივნისს გამოაქვეყნებს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს

15 ივნისი, 2022 •
ევროკომისია მოსაზრებას 17 ივნისს გამოაქვეყნებს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს

ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, დიდი ალბათობით 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

როგორც წესი, ევროკომისიის მოსაზრება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა სავალდებულო არ არის, ევროპულმა საბჭომ ის გაითვალისწინოს და შესაძლებელიც კი არის, რომ ამ უკანასკნელმა ევროკომისიის შეფასებისგან განსხვავებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.

უკრაინამ — 28 თებერვალს, საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, შემდეგ კი შეავსეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire). კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სწორედ ამ შეფასების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი 17 ივნისს.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას კი საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს. როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლობით გრძელდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის თავდასხმის ფონზე პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს.

13 ივნისს გაიმართა ევროკომისრების „საორიენტაციო დებატები“, რომლის საფუძველზე Politico წერს, რომ მოსალოდნელია, უკრაინას ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს. ასევე, სულ უფრო სავარაუდოა, რომ მოლდოვას შეიძლება მიეცეს მწვანე შუქი (პირობებით), მაგრამ ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ ევროკომისიის შეფასებაში საქართველოს აპლიკაციასთან დაკავშირებით იქნება კრიტიკული ასპექტები, მათ შორის, სასამართლო რეფორმაზე და ყველა იმ ვალდებულებაზე, რაც გათვალისწინებული იყო შარლ მიშელის შეთანხმებით. თუმცა შემდგომ უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ზურაბიშვილის აზრით, უფრო გეოპოლიტიკურ ფაქტორებს დაეფუძნება.

„მგონია, ბევრი ჩვენი სიტყვიერი თუ საქმის მხრივ შეცდომების მიუხედავად, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო მაღალი დონის და შორსმჭვრეტელი იქნება, რომელიც დაინახავს, რომ არ შეიძლება ჩვენი და ამ რეგიონის განზე დატოვება. ვფიქრობ, ეს იქნება სათანადოდ შეფასებული“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი