ახალი ამბები

უმრავლესობიდან გვესმის დაუფიქრებელი განცხადებები ევროპარლამენტარებზე — ზურაბიშვილი

2 ივნისი, 2022 • 1282
უმრავლესობიდან გვესმის დაუფიქრებელი განცხადებები ევროპარლამენტარებზე — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს ყოველთვის არ გადაუდგამს ის ნაბიჯები, რასაც ევროკავშირში ელოდებოდნენ.

ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა ახსენა ანულირებული 19 აპრილის  შეთანხმება, ევროკავშირის სესხზე უარის თქმა და სხვა „გაუგებარი ნაბიჯები“.

„ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვაგვარი რიტორიკა შეიძლებოდა ბოლო პერიოდში. პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან უფრო გვესმის ისეთი განცხადებები, რომლებიც დაუფიქრებელია და არასაჭირო იმ მომენტში, როცა ველოდებით, რა იქნება მომავალ კვირას კომისიის შეფასება და ივნისის ბოლოს საბჭოს გადაწყვეტილება. ამ დროს ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც გაუგებარია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის განცხადებების ლოგიკას. მისი თქმით, თუ არ გვინდა პარტნიორებისგან ისმოდეს კრიტიკა, საჭიროა მათთან მუშაობა და არა მათი გალანძღვა.

„აქ ორი საკითხია: რაღაცები არ ითქმის, იმიტომ, რომ ზრდილობის საკითხია. მეორე არის დროულობა. ამ დროს არ შეიძლება არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განაცხადს, რაც გაკეთებული გვაქვს… მე ვიცი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი შანსები იყოს გამოყენებული. ამიტომ ჩავედი ბრიუსელში. უამრავ ინტერვიუებში მივიღე მონაწილეობა, რომ ჩვენი, როგორც ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის მსურველი ქვეყნის, სახე გამოჩენილიყო. ამ დროს იბეჭდება საკმაოდ ნეგატიური სტატიები და ვხედავ, რომ არსად პასუხი არ არის“, — ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით საჭიროა პიარი და დროული პასუხის გაცემა ნეგატიურ სტატიებში, რომელიც იბეჭდება დასავლურ პრესაში. ასევე, ქვეყნის შიგნით რიტორიკის შეცვლა. სალომე ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ ევროკომისიის შეფასებაში საქართველოს აპლიკაციასთან დაკავშირებით იქნება კრიტიკული ასპექტები, მათ შორის, სასამართლო რეფორმაზე და ყველა იმ ვალდებულებაზე, რაც გათვალისწინებული იყო შარლ მიშელის შეთანხმებით. თუმცა შემდგომ უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ზურაბიშვილის აზრით, უფრო გეოპოლიტიკურ ფაქტორებს დაეფუძნება.

„მგონია, ბევრი ჩვენი სიტყვიერი თუ საქმის მხრივ შეცდომების მიუხედავად, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო მაღალი დონის და შორსმჭვრეტელი იქნება, რომელიც დაინახავს, რომ არ შეიძლება ჩვენი და ამ რეგიონის განზე დატოვება. ვფიქრობ, ეს იქნება სათანადოდ შეფასებული“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი არ იზიარებს „ქართული ოცნების“ მოსაზრებას, რომ მთავარი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციაა, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში სარგებლობს ხელისუფლების შეცდომებით და არ ითვალისწინებს, რომ ეს არა მარტო მთავრობას, არამედ ქვეყანას აზიანებს.

„მთავარი მაინც არის ხელისუფლება შენ ხარ ხელისუფლება, შენ იღებ გადაწყვეტილებებს და შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა. ამასთან, ნათელია, რომ ოპოზიცია სარგებლობს ყველა შეცდომით, ჩადიან ბრიუსელში და იქ აპელირებას იმაზე აკეთებენ, ვითომც ეს იყოს მხოლოდ მთავრობა და არ ჰქონდეს გავლენა ქვეყნის რეპუტაციაზე. მიზეზი რომ არ იყოს, ვერ გაიტანდნენ, მიზეზიც არ უნდა მივცეთ, მაგრამ რომ ჰგონიათ, მხოლოდ მთავრობაზე ექნება შედეგი, ორივე სცოდავს. ჩვენ გვევალება ერთიანობა ამ მომენტში“, — დასძინა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი