ახალი ამბები

რუსეთის მიერ დაუნდობელ დაბომბვებს ხარკოვში ასობით ადამიანი შეეწირა — Amnesty International

13 ივნისი, 2022 • 814
რუსეთის მიერ დაუნდობელ დაბომბვებს ხარკოვში ასობით ადამიანი შეეწირა — Amnesty International

უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსეთის მიერ განხორციელებული უმისამართო დაბომბვების შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International იტყობინება და დასძენს, რომ მოსკოვმა ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალა და არსებითად მიზნის არმქონე რაკეტები გამოიყენა.

13 ივნისს ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ ხარკოვის საცხოვრებელი უბნების “დაუნდობლად დაბომბვამ” ფართომასშტაბიანი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

Amnesty International-ის განცხადებით, გამოძიებისას მოიპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ძალებმა არაერთგზის გამოიყენეს კასეტური ბომბები და გაფანტული ნაღმები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებითაა აკრძალული.

“ხარკოვის მოსახლეობა ბოლო თვეების განმავლობაში განურჩეველი, დაუნდობელი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდა, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა.

საყოველთაოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკის მომგვრელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფაზე.

რუსეთის ძალებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ თავდასხმებზე, პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, ხოლო დაზარალებულებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ სრული ანაზღაურება”, — აღნიშნავს დონატელა როვერა, ორგანიზაციის კრიზისზე რეაგირების უფროსის მრჩეველი.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორმა Amnesty International-ს განუცხადა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხარკოვის რეგიონში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 248 დაშავდა.

“ადამიანები იღუპებოდნენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებსა და სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომისას ან საკვებისა და მედიკამენტების ყიდვისას”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

Amnesty International-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის ჩართული არც კასეტური საბრძოლო მასალის და არც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების კონვენციაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს განურჩეველ თავდასხმებს და ბუნებით განურჩეველი იარაღის გამოყენებას.

“განურჩეველი თავდასხმების განხორციელება, რასაც მოჰყვება მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი ან დაშავება, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანება, წარმოადგენს ომის დანაშაულს”, — ამბობს ორგანიზაცია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.

მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი