ახალი ამბები

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც მცხეთის რესტორანში ისროდა

12 ივნისი, 2022 • 1186
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც მცხეთის რესტორანში ისროდა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, ბრალდებულმა კ.ნ.-მ სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. 

პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მცხეთაში მდებარე რესტორან „მარანში“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი