ახალი ამბები

„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის დაზიანების ნაცვლად, იმუშაოს რეფორმებზე

10 ივნისი, 2022 •
„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის დაზიანების ნაცვლად, იმუშაოს რეფორმებზე

სამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ რეაქციას ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების ქმედებები უარყოფითად არის შეფასებული არაერთი მიმართულებით.

განცხადებაში ხაზია გასმული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომლის 80%-ზე მეტი წლების მანძილზე სტაბილურად უჭერს მხარს და ცალსახად და მკაფიოდ სურს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება:

„სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას და ერთი დღით ადრე გამართულ დებატებს, სადაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი ერთიანი იყო შეფასებაში, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს.

ამასთანავე, 9 ივნისს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში წევრი ქვეყნების მთავრობებს 23-24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ მოუწოდეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველო ცალკე მოიხსენიეს და მიმართეს, რომ „იმუშაონ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად“, – აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.

სამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ და მასში შემავალი ორგანიზაციები და პირები აღნიშნავენ, რომ თავის მხრივ დაგროვილი ექსპერტიზით და რეფორმების მზა კონცეფციებით მზად არიან ხელი შეუწყონ პროცესს, რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მიღებას რეალისტურს გახდის:

„ხელისუფლებამ, ანტიევროპული და ქვეყნისთვის საზიანო რეაქციების ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი და შექმნას ძირეული რეფორმების განსახორციელებლად მოკლე დროში გაწერილი დღის წესრიგი, რომელიც რეზოლუციაში ასახული პრობლემების სწრაფ მოგვარებას უზრუნველყოფს. ასევე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმის სადემონსტრაციოდ, რომ ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომლის 80%-ზე მეტი წლების მანძილზე სტაბილურად უჭერს მხარს და ცალსახად და მკაფიოდ სურს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი