ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ОДКБ-ს სხდომის პარალელურად აქტივისტებმა მსვლელობა გამართეს

10 ივნისი, 2022 • 2806
ერევანში ОДКБ-ს სხდომის პარალელურად აქტივისტებმა მსვლელობა გამართეს

ერევანში ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი] მინისტრთა საბჭოს სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა მოძრაობა “წინაღმდეგობამ” მსვლელობა გამართა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც ორგანიზაცია არასაკმარის ეფექტურობაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არალეგიტიმურია ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობა ყარაბაღის საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

როგორც გამოცემა კავკაზსკი უზელი წერს, დღევნდელი აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ОДКБ-სთან რიგი კითხვები აქვთ – კერძოდ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაადანაშაულეს ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანის მხარდაჭერაში. მათი აზრით, სომხეთის ხელისუფლებამ დღევანდელ მინისტერიალზე სწორედ ეს საკითხი უნდა დააყენოს და მათი პასუხები მოისმინოს.

ოპოზიციონერები ОДКБ-ს არასათანადო დახმარების მიზეზად ასახელებენ სომხეთის ხელისუფლებას, რომელსაც “არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა” და “უნდა გადადგეს”.

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დროშებით ხელში აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “სომხეთი ნიკოლის გარეშე” .

სომხეთის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო მოსკოვში ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] საიუბილეო სამიტზე, რომელიც მაისში გაიმართა, ორგანიზაცია გააკრიტიკა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმაც.

“სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ამ ორგანიზაციამ ისე იმოქმედა, როგორც ამას სომხეთის რესპუბლიკა ელოდა”, – განაცხადა მაშინ ფაშინიანმა.ფაშინიანის განცხადებითვე, კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში სომხეთი ასევე საუბრობდა ОДКБ-ს წევრი ქვეყნებისგან აზერბაიჯანისთვის იმ იარაღის მიყიდვაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სომხეთისა და სომეხი ერის წინააღმდეგ იყო გამოყენებული.

“სიმართლე გითხრათ, 2020 წლის 44-დღიანი ომის განმავლობაში ОДКБ-ს წევრი ქვეყნების რეაქციაც სომხეთისთვის და, ზოგადად, სომეხი ხალხისთვის არ იყო მისასალმებელი. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ფედერაციის და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ როლს მთიან ყარაბაღში ომის შესაწყვეტად”.

ფოტო: kavkazski uzel

ფოტო: kavkazski uzel

მასალების გადაბეჭდვის წესი