ახალი ამბები

ბაღში ბავშვის ცემის საქმეზე PHR-მა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში დავა მოიგო

10 ივნისი, 2022 •
ბაღში ბავშვის ცემის საქმეზე PHR-მა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში დავა მოიგო

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში პირველი დავა მოიგეს.

ორგანიზაციის თქმით, 2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის გიორგიმ აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა, რის გამოც გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი დაარტყა სახისა და ყურის არეში. PHR-ის თქმით, ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ კი ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ მასწავლებელმა სცემა.

ამის შემდეგ, ორგანიზაციის თქმით, ბავშვის დედამ პოლიციას მიმართა. PHR-ის თქმით, გამოძიება მაშინვე დაიწყო და ბავშვმა პოლიციას უამბო, რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ კი დაადგინა, რომ გიორგის დაზიანებები სახეზე ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ, გიორგის დედამ, გამოძიებას უთხრა, რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და  არც ალერგია ჰქონია მანამდე.

PHR აღნიშნავს, რომ გიორგის დედა რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა, უშედეგოდ, რის შემდეგაც, 2018 წლის აპრილში, ლალიმ ბავშვის ინტერესების დასაცავად მიმართა ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

„ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა, უშედეგოდ. 2018 წლის 08 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს მის მიმართ აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა, უშედეგოდ.

პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე. გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

PHR-ის თქმით, 2022 წლის 07 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია გიორგის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

კერძოდ, კომიტეტმა განმარტა, რომ საჯარო ბაღში მისვლისას გიორგის სახეზე რაიმე დაზიანება არ ჰქონდა. ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამაჯერებელი განმარტება ბავშვის ყურებსა და სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ განხორციელდა საჯარო ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.

ორგანიზაციის განცხადებით, კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ ბავშვმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა საჯარო ბაღის აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, რაც განმტკიცებული იყო სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის, ერთ-ერთი ბავშვის ბებიის მონათხრობით, რომ მას ხშირად უნახავს, როგორ სჯიდა იგივე აღმზრდელი მის შვილიშვილსაც. ფაქტი განმტკიცებული იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. PHR-ის თქმით, აღმზრდელის მითითება, რომ ბავშვის სახეზე დაზიანება ალერგიის შედეგი იყო, არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებით.

ორგანიზაციის განმარტებით, კომიტეტმა გაითვალისწინა განმცხადებლის (გიორგის) მოწყვლადობა, რომ ბავშვი იყო 3.5 წლის, მასწავლებლის ავტორიტეტი და გავლენა, ასევე ბავშვზე კონტროლის შესაძლებლობა, საჯარო ბაღის როლი, რაც გულისხმობს საჯარო ფუნქციის განხორციელებას – იზრუნოს და განათლება მიაწოდოს ბავშვებს, და დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ ბავშვმა დაზიანებები საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოექცა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის ფარგლებში.

კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ აგრეთვე დაარღვია გამოძიების სტანდარტი და განმარტა, რომ:

„ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ კვალიფიციური პროფესიონალები, ვისაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და უნდა იყენებდნენ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი, რომ დაიცვას ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ასევე, გამოძიება უნდა წარმიმართოს სწრაფად და გონივრულ ვადაში.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ ბავშვი სპეციალიზებულმა გამომძიებელმა გამოკითხა ფსიქოლოგისა და მამის თანდასწრებით, თუმცა სახელმწიფომ არ უზრუნველყო გამოკითხვის ვიდეოგადაღება, რომ დაეცვა ბავშვის ჩვენება შემდგომ განხილვებში გამოყენების მიზნით ან იმის დასადგენად, რომ ბავშვს ნამდვილად განემარტა სიმართლის თქმის მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყო. დაახლოებით 10 თვე დასჭირდა გამოძიებას, გამოეკითხა ბაღის ორი თანამშრომელი, რომლებიც ასევე ადანაშაულებდნენ აღმზრდელს, 15 თვე დასჭირდა სხვა ბავშვების მშობლების გამოსაკითხად. სახელმწიფომ ვერ ახსნა ამ გაჭიანურების მიზეზები. ბავშვის ადვოკატს გამოძიების დაწყებიდან 19 თვის შემდეგ მიეცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება. საბოლოო ჯამში, კომიტეტმა განმარტა, რომ 5 წელზე მეტი დროა, სახელმწიფო აწარმოებს გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე. კომიტეტმა დაასკვნა, რომ ამგვარი გამოძიება ვერ აკმაყოფილებს სისწრაფისა და ეფექტურობის სტანდარტებს“.

PHR-ის თქმით, კომიტეტის განმარტების თანახმად, სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი.

ორგანიზაციის განცხადებით, კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს ეფექტური კომპენსაციის გაცემა ბავშვზე. სახელმწიფომ ასევე უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ უზრუნველყოს მსგავსი დარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით, სხეულებრივი დასჯის შემთხვევათა სწრაფი და ეფექტური გამოძიება. PHR აღნიშნავს, რომ კომიტეტს სურს, სახელმწიფომ 180 დღის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროება და ფართოდ მისაწვდომობა ქართულ ენაზე.

PHR აღნიშნავს, რომ ეს არის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პირველი გადაწყვეტილება ბავშვის სხეულებრივ დასჯასთან დაკავშირებით, სადაც კომიტეტმა სახელმწიფოს დარღვევა დაუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი