ახალი ამბები

„მარიუპოლში ქოლერის გავრცელების მზარდი რისკია“ — მერის მოადგილე

10 ივნისი, 2022 • 1664
„მარიუპოლში ქოლერის გავრცელების მზარდი რისკია“ — მერის მოადგილე

მარიუპოლის მერის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქში ჯანდაცვის მდგომარეობა უარესდება. როგორც სერგეი ორლოვი, რომელიც მარიუპოლში აღარ იმყოფება, BBC-სთან ამბობს, ქალაქში მყოფი 100 000 ადამიანი ისეთი დაავადებების მზარდი რისკის ქვეშაა, როგორიც ქოლერაა:

„ვფიქრობთ, პირობების გათვალისწინებით, ქოლერის გავრცელების დიდი რისკია. ქალაქში არ მუშაობს წყლის ცენტრალური სანიტარული სისტემა, შენობების ნანგრევებში კი ამ დრომდე უამრავი ცხედარია. მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისები ამ წუთისთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – ამბობს მარიუპოლის მერის მოადგილე.

მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე ბლოკავს უკრაინის ხელისუფლების ყველა მცდელობას, როგორმე შეიტანონ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება. ორლოვი აღნიშნავს, რომ მარიუპოლში არ მუშაობს არცერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის, ქალაქში არ არის არც წითელი ჯვრის, არც გაეროს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისიები:

„ჩვენმა მოსახლეობამ მცირე ჰუმანიტარული დახმარება მიიღო რუსი ოკუპანტებისგან, მაგრამ ეს საჭირო საკვებისა და წყლის ოდენობის ერთი მეათედია. მარიუპოლში ამჟამად ჰუმანიტარული კრიზისია“, – ამბობს სერგეი ორლოვი BBC-სთან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი