ახალი ამბები

კარა მაკდონალდი NGO-ების ხელმძღვანელებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე

10 ივნისი, 2022 • 902
კარა მაკდონალდი NGO-ების ხელმძღვანელებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე

დღეს, 10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდი შეხვდა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი “მთავარ არხთან” განმარტავს, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს EU-ს კანდიდატობის სტატუსზე, ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კარა მაკდონალდს განუმარტა, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხია:

“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. მე ვისაუბრე სწორედ ამაზე, რომ სასამართლო ინსტიტუციური თვალსაზრისით განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას, ასევე ძალიან პრობლემურია ინდივიდიუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იცვლება კანონმდელობა, ტარდება რეფორმები, ამის პარალელურად არ იზრდება სასამართლოს ანგარიშვალდებულება, არ იზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი კი აცხადებს, რომ მაკდონალდთან საუბარი შედგა ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებისა და მედიამენეჯერების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

“ვისაუბრეთ მედიაგარემოსთან დაკავშირებით იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს მედიას გააჩნია, ეს არის ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია მედიამენეჯერების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და განსაკუთრებით, ნიკა გვარამიას საქმე, როდესაც უკვე დაპატიმრებულია მედიამენეჯერი. ასევე ვისაუბრეთ სხვა გამოწვევებზეც და როგორაა შესაძლებელი ამ გამოწვევებთან გამკლავება, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მედიაგარემო საქართველოში”, – განაცხადა გოგოსაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, კარა მაკდონალდმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს, თუმცა წუხს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების გამო:

“ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები. მისი მხრიდან აღნიშნული იყო, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად ისინი საქართველოს და ქართველ ხალხს მხარს უჭერენ იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხის ასეთ მაღალ მხარდაჭრას ევროპის და ზოგადად დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან ამ პროცესში. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოხატა ძალიან დიდი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში  ასეთი უკუსვლაა დემოკრატიის მიმართულებით- იქნება ეს მართლმსაჯულება, მედიასთან დაკავშირებით საკითხები თუ არჩევნების ჩატარების ხარისხი”, – განაცხადა დოლიძემ.

კარა მაკდონალდი საქართველოში 13 ივნისამდე დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს და ოპოზიციის ლიდერებს.

“მაკდონალდი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას ამ გზაზე წინსვლისთვის”, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი