ახალი ამბები

ცდილობენ მთავარ გზავნილად ერთის სანქცირების და მეორის პატიმრობის წარმოჩენას – გახარია რეზოლუციაზე

9 ივნისი, 2022 • 806
ცდილობენ მთავარ გზავნილად ერთის სანქცირების და მეორის პატიმრობის წარმოჩენას – გახარია რეზოლუციაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას საქართველოზე და აცხადებს, რომ ის არაერთ ასპექტშია მძიმე საქართველოსთვის.

„თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის [ბიძინა ივანიშვილის] სანქცირება და მეორე კაცის [მიხეილ სააკაშვილის] პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს“, – წერს გახარია და მთავარ გზავნილს უწოდებს შემდეგს:

„ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობისკენ მოუწოდა“.

გახარიას თქმით, დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეა,  მოსწყდეს უკრაინას და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო.

„რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული“, – წერს იგი.

გახარიას თანახმად, „ოცნება“ მზად არის, „ნებისმიერ ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს“.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ. არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა ! ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, – წერს ექსპრემიერი.

ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი