ახალი ამბები

ხელფასი 62 000 გაქვთ, სესხში 55 000 გადაიხადეთ. 400 ლარზე ცხოვრობთ? – ხაბეიშვილი ბურჭულაძეს

9 ივნისი, 2022 • 1349
ხელფასი 62 000 გაქვთ, სესხში 55 000 გადაიხადეთ. 400 ლარზე ცხოვრობთ? – ხაბეიშვილი ბურჭულაძეს

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ფინანსურად თავისი ოჯახი ეხმარება და ასე ხსნის, რატომ არ აქვს ასახული დეკლარაციაში რეალური შემოსავალი.

დღეს თავდაცვის მინისტრი პარლამენტარების კითხვებს პასუხობს „მინისტრის საათის“ ფორმატში. ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მას ჰკითხა:

„დეკლარაციაში ჩაწერეთ, რომ 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი 55 ათასი. ანუ 5 შვილი გყავთ და 300-400 ლარად ცხოვრობთ“?

ბოლო დეკლარაციის თანახმად, რომელიც ბურჭულაძემ 2022 წლის 31 მაისს შეავსო, 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელზე აღებული აქვს 62 735,4 ლარი. მის მეუღლეს, ნინო მხეიძეს კი – 1393 ლარი.

პარალელურად კი, დეკლარაციის თანახმად, სესხის სახით, ჯამში, გადაიხადა 18 105 აშშ დოლარი (ლარში, 2021 წლის საშუალოდ თუკი ერთი დოლარის ღირებულებად 3.2 ლარს ავიღებთ, ეს თანხა ლარში დაახლოებით 58 000 ლარი გამოდის).

ოჯახის შემოსავალსა და გასავალს შორის ნაშთი თვიურად დაახლოებით 400 ლარი გამოდის.

„გვატყუებთ ყველას, რომ 400-500 ლარად ცხოვრობთ. თქვენს მეუღლეს შემოსავალი არ აქვს. დეკლარაცია თქვენ შეავსეთ და იქნებ ვინმეს გადაახედოთ, პირდაპირ წერთ, რომ კორუმპირებული ხართ. გამორიცხულია, 400-500 ლარად ცხოვრობდეთ, ეჭვი მაქვს, 1200-ლარიანი მინიმუმ პიჯაკი გაცვიათ“, – უთხრა ხაბეიშვილმა მინისტრს.

„ხუთი შვილი არ მყავს, ბატოლო ლევან, 8 შვილი მყავს“, – უპასუხა მოგვიანებით ბურჭულაძემ ხაბეიშვილს. მის ამ პასუხს „ოცნების“ დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.

„ჩემს ოჯახს ჰქონდა იმის საშუალება, რომ დამეხმაროს ოჯახის შენახვაში“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი