ახალი ამბები

სატრანზიტო სატვირთოებს საქართველოში გადაადგილების საფასური გაუძვირდებათ

9 ივნისი, 2022 • 750
სატრანზიტო სატვირთოებს საქართველოში გადაადგილების საფასური გაუძვირდებათ

სატვირთო ავტომობილებისთვის, რომელთაც ტვირთი საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გადააქვთ, გზათსარგებლობის საფასური იზრდება.

როგორც მთავრობის 7 ივნისის დადგენილებაში ვკითხულობთ, ტრანზიტულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გადასახადი 20 ივნისიდან 350 ლარი გახდება. მანამდე, აღნიშნული გადასახადი 200 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ცვლილებამ 150 ლარი შეადგინა.

გზათსარგებლობის საფასური არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

როგორც bm.ge წერს, საქართველოს ყოველდღიურად 900-ზე მეტი ტრანზიტული სატვირთო კვეთს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 332 000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი