ახალი ამბები

გვარამია ევროპელ პოლიტიკოსებს: მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც ქართველი ხალხი არ დაისჯება

8 ივნისი, 2022 • 840
გვარამია ევროპელ პოლიტიკოსებს: მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც ქართველი ხალხი არ დაისჯება

ნიკა გვარამია მიმართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროპული კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპარლამენტარებს.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვს, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომლითაც ქართველი ხალხი არ დაისჯება.

გვარამიას თქმით, საქართველოს მოსახლეობას ცივილიზაციური არჩევანი გაკეთებული აქვს და მათი ადგილი მხოლოდ ევროპაშია. შესაბამისად, სთხოვს წერილის ადრესატებს, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხალხს ევროპისკენ გზა ჩაეკეტება, რადგანაც, მისი თქმით, ევროპის ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია:

„ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტორიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო! მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან. მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის- სოფიას, ჩემი შვილების – სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახელით, მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის – მთავარი არხის სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი – ამაყი და თავისუფალი ქართველები.

ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს – ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო – ოქროს საწმისი. როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკვეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას“, – აცხადებს გვარამია.

ამასთან, გვარამია სთხოვს ევროპელ პოლიტიკოსებს, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად:

„დაბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა, არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა. დიდი იმედით და საუკეთესო სურვილებით, ნიკა გვარამია“, – ამბობს გვარამია.


პროკურატურამ ნიკა გვარამიას 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

16 მაისს გვარამიას 3.5 წელი ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის გამო მიუსაჯეს, კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, რუსთავი 2-მა განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი