ახალი ამბები

თბილისში 18-29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამა იწყება – კალაძე

8 ივნისი, 2022 •
თბილისში 18-29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამა იწყება – კალაძე

თბილისში მცხოვრები 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამა იწყება, რომლის მიზანიც იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, 8 ივნისს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“პროგრამა ითვალისწინებს, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისი. ეს იქნება ლაშქრობები, საველე ბანაკები, საჯომარდო ტურები – ფასანაური, ველოტურები თბილისთან ახლო მარშრუტებზე, კარტინგი, მინიგოლფი, სასროლეთი – ლისის მიმდებარედ, მუნიციპალური საცურაო აუზი – ზღვის უბანში.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და ყველა შესაბამისი აღჭურვილობით”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე გაგრძელდება, მასში ჩართვა 5 000 ადამიანს შეეძლება. მონაწილეობის მსურველებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე – youthtbilisi.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი