ახალი ამბები

ნიკა მელია არის დღეს ენმ-ის მთავარი ლიდერი — სააკაშვილი

7 ივნისი, 2022 • 992
ნიკა მელია არის დღეს ენმ-ის მთავარი ლიდერი — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას შეცდომით მოიხსენიებენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს.

„ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს. მინდა ყველას ვუთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა — დანიშნული პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი“, — ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თვითონ „საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული“ პოლიტპატიმარია, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და ძალიანაც რომ მოინდომოს, შეუძლებელია, რამე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა მოახერხოს.

„მით უმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე“, — აცხადებს სააკაშვილი.

ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა თქვა, რომ პარტიის ბევრად უფრო აქტიურ თავმჯდომარეს ისურვებდა. კითხვაზე, ვინ არის ასეთი [აქტიური კანდიდატი, ვინც შეიძლება ენმ-ის თავმჯდომარე იყოს], მამულაშვილი პასუხობს, რომ ასეთი კანდიდატი „გამოჩნდება“.

ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი – მამულაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი