ახალი ამბები

რუსეთში დიმიტრი გლუხოვსკიზე ძებნა გამოცხადდა – მედია

7 ივნისი, 2022 • 1022
რუსეთში დიმიტრი გლუხოვსკიზე ძებნა გამოცხადდა – მედია

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა „მეტროს“ ტრილოგიის ავტორ დიმიტრი გლუხოვსკიზე. ინფორმაციას ამის შესახებ Meduza ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გლუხოვსკიზე ძებნა სისხლის სამართლის კოდექსითაა დაწყებული, თუმცა უცნობია, რა მუხლით ედავება მწერალს რუსეთის შსს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გლუხოვსკი ომის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩეოდა. Meduza აღნიშნავს, რომ მწერალი სოციალურ ქსელებში ანტისაომარ პოსტებს აქვეყნებდა და ღიად საუბრობდა რუსული მხარის დანაკარგებზე, ისევე როგორც სამოქალაქო პირების მსხვერპლზე უკრაინაში. მწერალმა Meduza-ს ინტერვიუც მისცა, სადაც ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის კანონმდებლობაში ახალი მუხლი გამოჩნდა, რომელიც ეხება რუსეთის ჯარების ქმედებებზე „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას.  Meduza-ს ინფორმაციით, სწორედ ამ მუხლით წაუყენეს ბრალი არაერთ ადამიანს რუსეთში, რომლებიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებოდნენ და ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსი სამხედროების დანაკარგებსა და დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება. უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი