იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
სანქციების ახალი ტალღა 7 ივლისიდან შეეხება ორ რუსულ ბანკსა და რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს. აკრძალვები შეეხება ერთ ბელარუსულ, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკსაც.
რუსეთის აგრარულ ბანკსა და მოსკოვის კრედიტ ბანკს აეკრძალებათ ოპერირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდებისა და გადარიცხვების შესრულება საგამონაკლისო წესით დაიშვება იაპონიის მთავრობის მიერ.
უკრაინაში იმის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა, მათ შორის ქვეყანაში შესვლა აეკრძალა სამხედროებისა და პოლიტიკოსების ნაწილს, სანქციები დაუწესდა 200-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და ორგანიზაციას, ასევე აიკრძალა რიგი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის რუსეთში ექსპორტი.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები დაიძაბა. რუსეთმა დატოვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოლაპარაკებები იაპონიასთან, რომელიც, მათ შორის, კურილის კუნძულებს შეეხებოდა.
კურილის კუნძულები ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საბაბია. ტოკიო კუნძულების დაბრუნებას ითხოვს, რომელზეც კონტროლი საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა, მოგვიანებით კი ეს ტერიტორია რუსეთს გადაეცა.








