„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ის და ხათუნა სამნიძე ცნეს დაზარალებულად.
„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები“, – წერს ბერძენიშვილი ფეისბუკზე.
ბერძენიშვილსა და სამნიძეს დღეს რუსთაველის გამზირზე უცნობი პირები დაესხნენ თავს.
როგორც ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ის და დავით ბერძენიშვილი ქაშუეთის ტაძართან მიდიოდნენ, რა დროსაც ორი კაცი თავს დაესხა პოლიტიკური ნიშნით და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მას და ბერძენიშვილს თავდამსხმელებმა ხელი ჰკრეს, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ.
„გამოგვყვნენ, მე შუაში ჩავდექი, მეც მაგინეს და მუქარა იყო, რომ „ქალაქში თქვენ მარტო ვერ გაივლით, დაცვის გარეშე… ნახეთ, რას გიზამთ და ასე შემდეგ… თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოღალატეები და ა.შ. ხელის შეხებაც იყო და ხელის კვრაც, ჩხუბიც მოხდა. მე ვიგრძენი სერიოზული საფრთხე, რომ რაღაც მოხდებოდა და ფიზიკურად დაგვაზიანებდნენ, ისეთი ძალადობა იყო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ვრცლად:
ხათუნა სამნიძე: მე და დავით ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაგვესხნენ





