ახალი ამბები

ნიკა გვარამია რ2-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვს

3 ივნისი, 2022 • 2382
ნიკა გვარამია რ2-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ ლარს ითხოვს.

ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თანამდებობიდან მისი გათავისუფლება 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული, იმიტომ, რომ ამ ვადით იყო დანიშნული. ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც წარმოეშვა 5 მილიონ აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა „რუსთავის 2“-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ოფიციალურად წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ პასუხს“, — განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელმაც ნიკა. გვარამია დაუყოვნებლივ გაათავისუფლა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.

დაახლოებით ერთ თვეში ახალმა მენეჯმენტმა ტელეარხიდან, ასევე, გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა სახეები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ უკანონოდ ცნო 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის, ნოდარ მელაძისა და ასევე ყოფილი წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება და ტელეკომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „რუსთავი 2“-ს მელაძისთვის — 80 000 ლარის, ჟორჟოლიანისთვის კი 62 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

გვარამიას ვათავისუფლებ და რ2-ის დირექტორად პაატა სალიას ვნიშნავ – ხალვაში

მასალების გადაბეჭდვის წესი