საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საქართველოში სტაბილურია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური გარემო. აღნიშნულის შესახებ მან ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) ისაუბრა.
საქართველოში შიდა პოლარიზაციაზე ღარიბაშვილს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ჰკითხა, რაზეც პრემიერ-მინისტრისგან ასეთი პასუხი მიიღო:
“პოლარიზაცია ყველგანაა, ყველა ქვეყანაში. საქართველოს პოლიტიკა სავსეა ემოციებით. ჩვენ ვცდილობთ პოლარიზაციის დეესკალაციას, მის შემცირებას და, ვფიქრობ, დღეს გვაქვს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო, [გვაქვს] პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური სტაბილურობა. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, გასულ წელს გვქონდა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ წლის პირველ კვარტალში — 14.4%”.
ღარიბაშვილის სიტყვებით, “ოპოზიცია ყველგანაა, ოპოზიციის საქმე მთავრობის კრიტიკაა და ეს სავსებით ნორმალურია”.
“პარლამენტში ბევრი ოპოზიციური პარტია გვაქვს, 9 პარტიაა პარლამენტში. გვაქვს ბევრი ოპოზიციური ტელეარხი. მედიაგარემო, ასე ვთქვათ, ძალიან დივერსიფიცირებულია”, — დასძინა მან.
