რუსეთი გერმანიას ადანაშაულებს ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში და აცხადებს, რომ ბერლინის მიერ გადადგმული ნაბიჯები სამხედრო დანახარჯების ზრდის თაობაზე ქვეყნის „რემილიტარიზაციაა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა ცნობებს, რომლის მიხედვითაც გერმანია საკუთარი თავდაცვის ხარჯების გაზრდას აპირებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინს ნატოს ევროპულ წევრებს შორის ყველაზე ძლიერი და კონვენციური არმია ეყოლება
ზახაროვას თქმით, გერმანიის ამ ნაბიჯს რუსეთი „რემილიტარიზაციად“ აფასებს და ამბობს, რომ ისტორიამ კარგად იცის, როგორ სრულდება მსგავსი განზრახვები:
„გერმანიის კანცლერის განცხადებას კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ, რომ ბერლინს კურსი აქვს აღებული ქვეყნის დაჩქარებული რემილიტარიზაციისკენ. ეს როგორ დასრულდება? ვაი, რომ ეს ისტორიისთვის კარგად ცნობილია“, – თქვა მარია ზახაროვამ.
შოლცმა თებერვალში განაცხადა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის და ამ მიმართულებით დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. Reuters-ის თქმით, ეს არის ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკის ყველაზე დიდი ცვლილება ათწლეულების განმავლობაში.
შოლცის განცხადებას მალევე მოჰყვა რუსეთის კრიტიკა. ზახაროვას თქმით, ათეულობით მილიარდი ევროს შეიარაღების გაზრდაში დახარჯვით, გერმანია ევროპის კონტინენტზე ახდენს სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას.