რუს ჟურნალისტს, ალექსანდრე ნევზოროვს, რომელიც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტების სიაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა.
ნევზოროვმა და მისმა მეუღლემ უკრაინას მოქალაქეობის მისაღებად მიმართეს. უკრაინის შინაგანს საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მათ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ეს ინფორმაცია BBC-ის რუსულენოვან სამსახურს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმაც დაუდასტურა. თავად უკრაინის პრეზიდენტის ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ნევზოროვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ მადლიერია გამოფიტული, სასოწარკვეთილი, დასისხლიანებული უკრაინელი ხალხის, რომ მათ შორის ადგილის დაკავების საშუალება მიეცა.
ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა პუტინის რეჟიმსა და უკრაინის ომს, რუსეთში ძებნილად გამოცხადდა.
მანამდე ნევზოროვზის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა გამოძება დაიწყო რუსული ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. ეს ახალი კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-წლიან პატიმრობას.
გამოძიება რუსეთის შსს-მ დაიწყო 22 მარტს, რასაც წინ უძღოდა მარიუპოლში რუსი სამხედროების მიერ საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვა. მომხდარი ნევზოროვმა სოციალურ ქსელში დაგმო, მათ შორის, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი თავის Youtube არხზეც.
ალექსანდრ ნევზოროვი რუსი ტელეწამყვანი და ყოფილი დეპუტატია. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 80-იან წლებში, საავტორო გადაცემით – „600 წამი“. სხვადასხვა დროს იყო უფრაქციო დეპუტატიც.
