ახალი ამბები

რუსი მილიარდერები, იახტები და მარია ზახაროვა აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ

2 ივნისი, 2022 • 1472
რუსი მილიარდერები, იახტები და მარია ზახაროვა აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ

თეთრმა სახლმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ელიტებს შეეხება.

სახაზინო დეპარტამენტის სანქციების სამიზნეა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები და ბიზნესლიდერები, ელიტების ძვირადღირებული ქონება, ძვირადღირებულ აქტივების მართვისა და მომსახურების კომპანიები, რომელთაც საკვანძო როლი აქვთ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებში. სანქციები შეეხება:

  • პუტინის ახლო პარტნიორს და მისი ოფშორული ფულის მენეჯერ სერგეი როლდუგინს და მისი ოჯახის წევრებს;
  • პუტინთან და კრემლთან დაკავშირებულ იახტებს და მათ ბროკერებს, მათ შორის, Imperial Yachts-ს და მის აღმასრულებელი დირექტორს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ვლადიმერ პუტინის ახლო წრეს;
  • მინისტრებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს კურირებენ;
  • United Aircraft Corporation-ის პრეზიდენტს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს კომპანია წამყვან როლს ასრულებს თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერაში;

დიპლომატიური სანქციები შეეხო დამატებით რუსი ოლიგარქებს და პუტინთან დაახლოებულ ელიტებს, მათ შორის არიან:

  • მილიარდერი გოდ ნისანოვი, რუსი მაღალჩინოსნების ახლო თანამოაზრე.
  • მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი; ის ასევე, არის ევროკავშირის სანქციების სიაში.
  • რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი, მისი ოჯახის წევრები და კომპანიები, მათ შორის, რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ფოლადის მწარმოებელი კომპანია.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის სამხედროების შესაძლებლობას, მოიპოვოს ტექნოლოგიები და სხვა ნივთები. ეს ითვალისწინებს რუსეთსა და ბელარუსში მოქმედი დამატებით 71 სუბიექტისთვის ამერიკული ტექნოლოგიით ან პროგრამული უზრუნველყოფით წარმოებულ პროდუქციაზე წვდომის შეზღუდვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი