ახალი ამბები

ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს

2 ივნისი, 2022 • 1028
ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალი ამ დრომდე მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 31 მაისს ბათუმში, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7.2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ჩხრეკა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

სამართალდამცველებმა ოზთურქი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.

უწყების განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ათობით ბიზნესკომპანიას ფლობს საქართველოში, რომლებიც არიან „მეტრო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში ან მისი პარტნიორები.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი