ახალი ამბები

ძმებ კაკულიებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

1 ივნისი, 2022 • 1072
ძმებ კაკულიებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანის გადაწყვეტილებით, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ძმებ დათო და გუგა კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მათ ბრალი აქვთ წარდგენილი ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ორივე ბრალდებული 30 მაისს დააკავეს. წაყენებული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბრალდებულების სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან შესაძლო შემხებლობის საკითხს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში “აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით”.

დათო და გუგა კაკულიები 2001 წელს რუსეთში მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას შვილები არიან.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პროკურატურა ძმები კაკულიების დაკითხვას ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურორმა უპასუხა, რომ მკვლელობის შემსრულებლების მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და “გამოყოფილია საქმე, რომელზეც ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება და, ბუნებრივია, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”.

დათო და გუგა კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასთან:

“ისეთი იარაღის შეძენა/შენახვას ედავებიან, რაც თავლით არ აქვთ ნანახი, შესაბამისად, ბრალს არ აღიარებენ. რაც შეეხება იმ გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ სხვადასხვა კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობდნენ, თუნდაც ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებში, სრული მარაზმი და სრული აბსურდია”, – განაცხადა გიორგი ანთაძემ “მთავარ არხთან”.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ძმებმა კაკულიებმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან “რაიმე კავშირი სრულად გამორიცხეს”.

22 წლის ნიკა კვარაცხელია გასულ წელს, 15 სექტემბერს დაჭრეს. ის მომდევნო დღეს გარდაიცვალა. მოგვიანებით აღნიშნულ საქმეზე 2000 წელს დაბადებული აკო ჭელიძე და 1999 წელს დაბადებული გიორგი კავილაძე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.

შსს-ს თანახმად, აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან, გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი