ახალი ამბები

„უკრაინაში რუსეთის აგრესიას სულ მცირე 243 ბავშვი ემსხვერპლა“ – კიევი

1 ივნისი, 2022 • 745
„უკრაინაში რუსეთის აგრესიას სულ მცირე 243 ბავშვი ემსხვერპლა“ – კიევი

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში 446 ბავშვი დაშავდა.

როგორც უკრაინის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ომის გამო დაზიანდა 1 937 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 181 სრულად განადგურდა. პროკურატურა აღნიშნავს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს რიცხვები საბოლოო არაა და კვლავ შეიძლება გაიზარდოს.

CNN აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით ქვეყნის შიგნით 3 მილიონ ბავშვს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, 2.2 მილიონზე მეტს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი კატერინ რასელი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნის ნაცვლად, ომის მე-100 დღეს ელოდებიან, რომელმაც მილიონობით ბავშვის ცხოვრება შეცვალა:

„ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და მშვიდობაზე მოლაპარაკებების გარეშე ბავშვების ტანჯვა გაგრძელდება. ომის შედეგები იქონიებს გავლენას ყველაზე მოწყვლად ბავშვებზე მსოფლიოს მასშტაბით“,- აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი