რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სკოლის მასწავლებელმა თავად დაწერა 30 წერილი Z-სიმბოლოებით, რათა მოსწავლეები თავისი სახელმწიფო პროპაგანდისგან დაეცვათ.

ინფორმაციას ამის შესახებ Север.Реалии (რადიო „თავისუფლების“ პროექტი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის ამბებს აშუქებს) ავრცელებს, რომელმაც მასწავლებელი იპოვა, თუმცა, მისი უსაფრთხოების მიზნით, ვინაობა, სკოლა და ქალაქი არ დაასახელა.

გამოცემის ცნობით, მასწავლებელს სთხოვეს, მის მოსწავლეებს დაეწერათ სამკუთხედის ფორმის სამხედრო წერილები, რომელზეც Z იქნებოდა დახატული. მასწავლებელმა ზემდგომების დავალებაზე უარი არ თქვა, თუმცა მოსწავლეების ნაცლად წერილები თავად დაამზადა.

„მე მაქვს გაწვრთნილი ფსიქიკა და თუ 30 Z-ს დავხატავ, არ დავიწყებ იმის დაჯერებას, რომ სპეცოპერაცია კარგია. მაგრამ ბავშვებს რომ ვუთხრა, გააკეთონ, იქნებ დაიჯერონ“, — თქვა მან.

მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის იცავდა მოსწავლეებს Z-თან დაკავშირებული დავალებების შესრულებისგან. ერთხელ მას სთხოვეს, მიეყვანა ღონისძიებაზე, სადაც ბავშვები უნდა დამწკრივებულიყვნენ Z-ის სახით.

„მე ვიპოვე დაგვიანების გზა, თითქოს შემთხვევით. იქ რომ მივედით, ღონისძიება უკვე დასრულებული იყო. ბავშვებთან ერთად სურათები გადავიღეთ იმ ადგილას, სადაც ფლეშმობი ჩატარდა თითქოს ჩვენი ყოფნის აღსანიშნავად“, — განაცხადა მასწავლებელმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული და პროსახელისუფლებო ჯგუფებამდე დამთავრებული, ლათინურ ასოს “Z” აქტიურად იყენებენ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პროპაგანდისთვის.

სოციალური მედიიდან მან გადაინაცვლა რუსეთის ქუჩებში და გამოჩნდა სარეკლამო მონიტორებზე, ბილბორდებზე, ავტომობილებსა თუ შენობებზე, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მხარდამჭერ აქციებზე.

როგორ იქცა “Z”, ზოგიერთ შემთხვევაში  კი“V”, პუტინის სამხედრო კამპანიის სიმბოლოდ, წაიკითხეთ აქ:

როგორ იქცა “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ