ახალი ამბები

კიევი: რუსმა ჯარისკაცმა ხელყუმბარას დამცავი მოხსნა და საკუთარ გენერალს დაემუქრა

31 მაისი, 2022 • 11282
კიევი: რუსმა ჯარისკაცმა ხელყუმბარას დამცავი მოხსნა და საკუთარ გენერალს დაემუქრა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი სამხედრო ცოლს უყვება, თუ როგორ დაემუქრნენ აფეთქებით რუს გენერალს, რომელიც ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე გაგზავნას უპირებდა.

როგორც The Insider წერს, საუბარია რუსეთის 36-ე არმიის ხელმძღვანელზე, გენერალ ვალერი სოლოდჩუკზე, რომელმაც დონეცკში მყოფ ჯარისკაცებს ბრძოლის ბრძანება მისცა. გამოცემის ცნობით, 600 ადამიანისგან დაკომპლექტებული ბატალიონიდან დარჩენილმა 215-მა ჯარისკაცმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა:

„თითქმის მთელმა ბატალიონმა უარი უთხრა ბრძანების შესრულებაზე. გენერალმა სროლა დაიწყო. თქვა, თუ არ წავიდოდით, დაგვხოცავდა. შემდეგ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ხელყუმბარა ამოიღო და დამცავი მოხსნა. ეუბნებოდა, მიდი, მესროლე და ყველა ერთად ავფეთქდებითო. წკიპზე ვიყავით, ერთმანეთისთვის სროლა დაგვეწყო. შემდეგ გენერალი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა“, – აცხადებს კაცი ჩანაწერში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის დაკავებას ცდილობენ. ამ მხრივ, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა წინსვლას მიაღწიეს, თუმცა ბრძოლა რუსეთს ძვირი უჯდება და სამხედრო პერსონალისა და მარაგების რაოდენობა მათ მხარეს მკვეთრად მცირდება.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უფრო და უფრო მეტი რუსი სამხედრო ამბობს უარს უკრაინაში ბრძოლაზე, სხვა გამოცემებიც ავრცელებენ. გასულ კვირას The Guardian-მა გაავრცელა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ეროვნული გვარდიის 115 წევრი გაათავისუფლეს, რადგან ბრძოლაზე უარი განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი