ახალი ამბები

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს EU-ს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად — კალასის კომენტარი

31 მაისი, 2022 • 1129
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს EU-ს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად  — კალასის კომენტარი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოზიციების შეჯერებისთვის მუშაობა.

ამ საკითხზე კალასმა 31 მაისს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები, თუ როგორ უნდა მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასა და საქართველოზე ასევე მიმდინარეობს დისკუსია, თუმცა, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ერთნაირად არ უჭერს მათ მხარს”, — დასძინა მან.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია ხსენებული ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო.

“ყველა, ვინც შეუერთდა ევროკავშირს, [შეუერთდა] იმ პირობით, რომ ყველა რეფორმა უნდა გაეტარებინა. ესტონეთსაც უნდა გაეკეთებინა ეს 18 წლის წინ.

ეს ნიშნავს ანტიკორუფციულ რეფორმებს, რეფორმებს კანონის უზენაესობის კუთხით… ეს ყველაფერი არის ევროკავშირის ღირებულებები. ასე რომ, თუ ამ პირობებს ასრულებ, სტატუსსაც იღებ”, — დასძინა კაია კალასმა ქართული ტელეკომპანიის, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ და მოლდოვამ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი