ახალი ამბები

რამდენ დედაქალაქში იყავით სკეპტიციზმის გასაქარწყლებლად? – ქემოკლიძე “ოცნებას”

30 მაისი, 2022 • 1047
რამდენ დედაქალაქში იყავით სკეპტიციზმის გასაქარწყლებლად? – ქემოკლიძე “ოცნებას”

პარტიის “საქართველოსთვის” წევრ კახაბერ ქემოკლიძის აზრით, “ქართული ოცნების” მიზანი არ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ეს შეზღუდავს მათი ავტოკრატიული მენეჯმენტის სტილს.

ქემოკლიძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ალოგიკური იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს. მისი აზრით, “ოცნებას” რამდენიმე კვირაა დაწყებული აქვს “გონების გარეცხვის” შეგნებული ოპერაცია, რათა უკრაინაზე და მოლდოვაზე ნაკლები შედეგი “ვინმე სხვას დაბრალდეს”.

“ქართული საზოგადოება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ინდივიდუალურად ბატონი კობახიძე – არა, რადგან მისი ყოველი გამოსვლა არის ტყუილების დემაგოგია. ეს ადამიანები არიან არაკომპეტენტური სათამაშოები. მათი ყოველი განცხადება ამას ადასტურებს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ჩემპიონები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ახლა გადავიქეცით მაჩანჩალებად იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ნება არ შეესაბამებოდა იმ ქმედებებს, რომელიც ამ ყველაფერს გამოასწორებდა. კითხვა მაქვს ბატონ კობახიძესთან და “ოცნებასთან” მთლიანად – სკეპტიკური ქვეყნების რამდენ დედაქალაქში იყვნენ იმისთვის, რომ გაექარწყლებინათ საქართველოს მიმართ სკეპტიციზმი? – არცერთში. დღესაც ეს ადამიანები არსად დადიან იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, მათ პოლიტიკურ დონეზე არ აქვთ მიზანი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭიოს, რადგან ამით შეიზღუდება მათი ავტოკრატიული მენეჯმენტის სტილი. ღრმა ინსტიტუციურ დემოკრატიაში არ არსებობს ისეთი სისტემები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

კახაბერ ქემოკლიძის აზრით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს შემდეგი მიზეზების გამო:

  • საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ამას;
  • საქართველოს ძალიან დიდი ფასი აქვს გადახდილი ბოლო 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ დარჩენილიყო ევროპული გავლენის სფეროში;
  • ისტორიოულად და კულტურულად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი