ახალი ამბებისამართალი

კობახიძის თქმით, სააკაშვილს და გვარამიას იანუკოვიჩზე, დოდონსა და პოროშენკოზე მძიმე დანაშაულები ედებათ ბრალად

30 მაისი, 2022 • 5988
კობახიძის თქმით, სააკაშვილს და გვარამიას იანუკოვიჩზე, დოდონსა და პოროშენკოზე მძიმე დანაშაულები ედებათ ბრალად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებული, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის ექსპრეზიდენტები, პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი და იგორ დოდონი.

ამის შესახენ კობახიძემ დღეს, 30 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ ერვოკავშირისგან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი, სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არეულობასა და ომს არ დაუშვებს და  ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა.

საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა. მან ქვეყანა 2014 წელს „ევრომაიდნის“ მოვლენების შემდეგ დატოვა და რუსეთში წავიდა. იანუკოვიჩზე უკრაინაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის დამნაშავედ უკვე ცნეს (12 წელი მიუსაჯეს) სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის ხელშეწყობაში, დაგეგმვაში, მომზადებასა და გაჩაღებაში. კერძოდ, საქმე ეხება მის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიწერილ წერილს, სადაც იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს და უკრაინაში ‘წესრიგის აღსადგენად” რუსული ჯარისა და პოლიციის გამოყენებას სთავაზობს.

გასულ კვირას, 23 მაისს კი, კიევის საასამართლომ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა კიდევ ერთი საქმის გამო გასცა –  რუსეთის სასარგებლოდ ხარკოვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის საქმეზე. კერძოდ, უკრაინის პროკურატურის თანახმად, იანუკოვიჩი ხელოვნურად ქმნიდა პირობებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის რაოდენობის გასაზრდელად გაზზე ფასდაკლების მიღების საბაბით და ხელი მოაწერა შესაბამის შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტით 25 წლით გახანგრძლივდა ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის ვადა. ამავე დროს, უკრაინულ მხარეს ბუნებრივ აირზე ფასდაკლება ფაქტობივად არ მიუღია, ვინაიდან დოკუმენტების ხელმოწერამდე რუსეთის ფედერაციამ უკრაინისთვის გაზის საფასური ხელოვნურად გააორმაგა.

რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, ის უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში იყო. უკრაინის პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს, რაც, პროკურატურის თანახმად, გამოიხატა ქვანახშირის უკანონო გაყიდვის საქმეში მონაწილეობით, რითაც ფინანსური სარგებელი მიიღეს ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტებმა. პროკურატურამ პოროშენკოს დაკავების მოთხოვნით სასამართლოს შარშან, დეკემბერში მიმართა, მისი საბანკო აქტივები კი მანამდე, იანვარში გაყინა. თუმცა უკრაინაში ომის დაწყევბამდე პოროშენკო ქვეყანაში დაბრუნდა და ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

რაც შეეხება მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს, ქვეყნის პრეზიდენტი 2016-2020 წელბში იყო. ის პრორუსული “სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა. მის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე, მათ შორის- სამშობოლოს ღალატზე.

გასულ კვირას კი კორუფციის, უკანონო გამდიდრების, სამშობლოს ღალატისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში მისი სახლი გაჩხრიკეს და 72 საათით დააკავეს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი (2014-2019) იყო.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

16 მაისს გვარამიას 3.5 წელი ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის გამო მიუსაჯეს, კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, რუსთავი 2-მა განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაიწყო გამოძიება: კერძოდ, „გირგვლიანის საქმეზე“ – ბრალი ედება მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; 7 ნოემბრის, “იმედში” შეჭრის, პატარკაციშვილის ქონების საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის საქმესა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე).

ნიკა გვარამიასა და  მიხეილ სააკაშვილის საქმეების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი