ახალი ამბები

უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ელექტრონულ არჩევნებში უნდა შეეძლოთ ხმის მიცემა – ზურაბიშვილი

27 მაისი, 2022 • 981
უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ელექტრონულ არჩევნებში უნდა შეეძლოთ ხმის მიცემა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოთ და ამასთანავე, პარლამენტში ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები.

ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც ასევე თქვა, რომ საჭიროა დიასპორა ჩართული იყოს საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეში – „ანუ პოლიტიკაში“.

„და ამისათვის საჭიროა ისინი საქართველოს პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი. მე არაერთხელ, შარშანაც, ვახსენე ეს ინიციატივა. ეს თქვენს ხელშია, პარტიების და პარლამენტის, მაგრამ აუცილებელია, რომ როგორც ყველა, დიდი დიასპორის მქონე, სხვა ქვეყანამ ჩვენც მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავიანთი ინტერესების წარმომადგენლები,“ – დასძენს ის.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ რადგან ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე და პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატები ვერ იქნებიან – „ეს ვერ მოხდება მაჟორიტარობის ფორმით, მაგრამ შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით, ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, რომ თავის საარჩევნო სიაში ათიდან ერთი დიასპორის წარმომადგენელი იყოს. ისინი ბევრი კუთხით, ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან და მათი გამოცდილება გამოვიყენოთ. ეს მათთან დაკავშირების ერთ-ერთი ფორმაა,“.

„მეორე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებში მონაწილეობაა. სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მათი ძალიან მცირე რაოდენობა. დღეს ელექტრონული არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ეს ბოლო არჩევნებზე გამოვცადეთ და ალბათ დროა, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. ეს მათ მისცემს საშუალებას, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, თუნდაც საელჩოდან შორს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული ქვეყნის საქმეში.

ერთი ეს არის დიასპორის სახლი – დიასპორის ვირტუალური სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რაც დიასპორაში დაისმება: დაბრუნებასთან, დროებით დაბრუნებასთან, ან სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით“.

იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ, ხშირ შემთხვევაში, მათ არჩევნების დღეს ასეულობით კილომეტრი უნდა გაიარონ, რადგან, როგორც წესი, საარჩევნო უბნები მხოლოდ საელჩოებისა და საკონსულოების შენობებშია განთავსებული. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ბარიერია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით.

“საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, სამშობლოში არსებული უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო იძულებულია, იშრომოს საზღვარგარეთ და ასე შეინახოს ოჯახი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მშპ (ეკონომიკა) დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია. ჩვენმა ემიგრანტებმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს გადმორიცხეს 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სამშობლოში ვიზიტის დროს შემოაქვთ – ჯამში, 2,5 მილიარდი დოლარია ემიგრანტების შენატანი საქართველოს ეკონომიკაში, რაც ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14 %-ს წარმოადგენს. პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”, – აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი თქმით, მათი მოკვეთა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დანაშაულია.

“ხელისუფლება ვალდებულია შექმნას მოცემულობა, რომლითაც ემიგრანტებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის მიუხედავად, ხმა მისცენ საქართველოს არჩევნებში. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 14 170 ადამიანი დარეგისტრირდა, როდესაც მილიონზე გაცილებით მეტი ემიგრანტი გვყავს. ვერცერთი, თუნდაც სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება მილიონი ემიგრანტის ხმის გარეშე. მოვუწოდებ ყველას – პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ს, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში და ვთხოვ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გაგვიწიონ ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მომდევნო, რიგგარეშე თუ მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით და ემიგრანტების სრული ჩართულობით ჩატარდეს. ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი