ახალი ამბები

le Figaro-ს სტატია გლუკსმანის შეკვეთილია — ღარიბაშვილი

27 მაისი, 2022 • 1190
le Figaro-ს სტატია გლუკსმანის შეკვეთილია — ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა le Figaro-ში ამავე გამოცემის ჟურნალისტის, იზაბელ ლასერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით „საქართველო შორდება ევროკავშირს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ და მას ბინძური, მოღალატეობრივი სტატია უწოდა.

მისივე განცხადებით, სტატია მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის, რაფაელ გლუკსმანის მიერაა შეკვეთილი.

„რეალურად ეს არის მორიგი ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ეს არის შეკვეთილი ბატონი რაფელ გლუკსმანი მიერ. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს.

ეს ადამიანი დღეს არის ევროპარლამენტარი.

გლუკსმანი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში.

ამ სტატიის ავტორი გახლავთ იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანი მეგობარი და შესაბამისად ეს არის გლუკსმანი მიერ შეკვეთილი შტატია.

ეს არის მორიგი მხილება თქვენი, ძვირფასო ოპოზიციონერებო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი, მათ შორის, წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უშედეგოს“ უწოდებს და არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს პუტინის ნომერ პირველ მტრად მოიხსენიებს.

რაფაელ გლუკსმანი 2005-2012 წლებში იყო იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. 2018 წელს მან დააარსა ფრანგული მემარცხენე პარტია „Place Publique“. 2019 წელს გლუკსმანის პარტიამ სოციალისტურ პარტიასთან ერთად საერთო სია წარადგინა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომლის პირველი ნომერიც თავად გლუკსმანი იყო.

პარტია „ქართული ოცნება“ არის დამკვირვებელი წევრი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (ESP), სადაც გლუკსმანის „Place Publique-ც“ ერთიანდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი